"რიონის ხეობის მცველების" პროტესტი შესაძლოა თბილისში გაგრძელდეს. ქუთაისში, გუშინდელი მასშტაბური აქციის შემდეგ, ჰესების მოწინააღმდეგეებმა ღამე ქუთაისის ცენტრში გაათიეს.
აქციის მონაწილეებს უკვე აქვთ კონკრეტული გეგმაც. დღეს ისინი სოფელ ნამოხვანში გაემგზავრებიან, სადაც რამდენიმე თვეა კარვებია გაშლილი. მათი თქმით, კომპანია ,,ენკას" არ მისცემენ ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლების უფლებას.
რიონის ხეობის მცველები ითხოვენ ჰესის მშენებლობის შეჩერებას და ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას. იმ შემთხვევაში კი თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჰესების მოწინააღმდეგეთა აქცია უკვე თბილისში გადაინაცვლებს და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნაც დაემატება.
ცნობისთვის, პროტესტის 141-ე დღეს, ქუთაისში ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია 14 მარტს გაიმართა.