პროტესტის უკიდურესი ფორმა ციხეში სამი პატიმარი, რომლებიც მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით არიან დაკავებული, შიმშილობას იწყებენ. პატიმრები საქმის ხელახალ გამოძიებას და მოძალადე პოლიციელების დასჯას მოითხოვენ. წამება და არაადამიანური მოპყრობა ის ბრალდებებია, რომლებსაც პოლიციელებს უყენებენ. ამ საქმეზე დეტალების გარკვევას ევროსასამართლოც მოითხოვს.

პატიმრების თქმით, 2016 წელს პოლიციელებმა მათი დაკავების მომენტში წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოიყენეს. საწამებლად გამოყენებულ იქნა ყველაზე მძიმე ფორმები, როგორიცაა ყინულიანი ბოთლით ცემა და შიშველი ფეხებით თოვლსა და ყინვაში გარეთ ტარება.

მსჯავრდებულები მათზე მოძალადე პოლიციელების დასჯას წლებია ითხოვდნენ, მაგრამ პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია, მიუხედავად პატიმართა მიერ მიცემული არაერთი ჩვენებისა. გამოკითხულნი არიან წამებაში დადანაშაულებული პოლიციელებიც. პროკურატურამ „მთავარ არხს“ მხოლოდ გამოძიების მიმდინარეობა დაუდასტურა, სხვა დეტალებზე კი უწყება არ საუბრობს. არც სასჯელაღსრულების სამინისტროც ადასტურებს ფაქტს, რომ მათ მე-17 დაწესებულებაში კონკრეტული პატიმრები ობიექტური გამოძიების მოთხოვნით შიმშილობენ. თუმცა ადვოკატი ამტკიცებს, რომ შიმშილობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მას თავად პატიმრებმა მიაწოდეს.

ეს არის ყველაზე უკიდურესი ფორმა. ისინი უარს აცხადებენ საკვების მიღებაზე, რომ ყურადღება მაინც მიიქციონ და მათი საქმე, რომელიც თეთრი ძაფითაა შეკერილი, გადაიხედოს. უნდა დაისაჯონ პოლიციელები, რომელთაც მათ დააბრალეს დანაშაული, დაბრალდებასაც არ დასჯერდნენ და აწამეს ისინი“, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე.

სამმა პატიმარმა შიმშილობა ორშაბათს დაიწყო, მათი მოთხოვნა ორია: საქმის ხელახალი გამოძიება და მათზე მოძალადე პოლიციელების დასჯა. დანაშაული, რომლის აღიარებისთვის თემურ ბერიძე, ნოდარ ართმელაძე და კობა შევარდენიძე პოლიციაში აწამეს, 2016 წელს ახალციხეში მოხდა. 4 წლის წინ მოხუცი ქალის მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე და მისი თანამშრომლები დააკავეს. ამ საქმესთან დაკავშრებით კითხვები დღემდე არსებობს.

დილის 6 საათზე შევარდნენ ხმალაძესთან სახლში, იქ მოხდა გასროლაც. ჯერ იქ გაუსწორდნენ ფიზიკურად, შემდეგ იანვრის თვეში კილომეტრები ატარეს ფეხშიშველა, დილის 6 საათზე და შემდეგ განყოფილებაში უნდოდათ, რომ რაღაც ეღიარებინათ. მათ მხოლოდ განყოფილებაში გაიგეს, რომ ყაჩაღობას ედავებოდნენ და შემდეგ მკვლელობას. დაკავებისას ბრალდების შესახებ არაფერი იცოდნენ“, - აცხადებს მჯავრდებულთა ადვოკატი.

პოლიციელები ქეთევან ხმალაძესაც არაადამიანურად მოექცნენ და არარსებული დანაშაულის აღიარებისთვის რამდენიმე დღე აწამებდნენ. არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და სამედიცინო დოკუმენტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი დაზიანებები, რომლებიც ქეთევან ხმალაძეს ჰქონდა. ადვოკატის ინფორმაციით, ხმალაძე დაკავების დღიდან ასახელებდა პოლიციელებს, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობდნენ.

ძალადობა იყო ცემა, დამამცირებელი მოპყრობა და სხვადასხვა საგნებით მისი ცემა. ერთადერთი მოთხოვნა აღიარებითი ჩვენების მიცემა და ჩვენებაზე ხელის მოწერა ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ქეთევან ხმალაძისთვის ეს იყო მიუღებელი, რადგან სიმართლეს არ შეესაბამებოდა“, - ამბობს ეკა ქობესაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი.

პოლიციელი, რომელსაც ქეთევან ხმალაძე წამებაში ადანაშაულებს, ისევ ახალციხის პოლიციაში მუშაობს.

თემურ ბერიძეს აყურებინებდნენ, მე როგორ მირტყამდნენ. სამმართველოში კიდევ დარჩენილია ის, ვინც თითები მომტეხა, ცნობილი ჯალათი გიორგი ფარცახაშვილი“, - ყვება ქეთევან ხმალაძე „პოსტფაქტუმთან“ სატელეფონო ინტერვიუში.

პოლიციელმა გიორგი ფარცახაშვილმა, რომელსაც მჯავრდებული ქალბატონი წამებაში ადანაშაულებს, „მთავარ არხს“ არც ტელეფონზე უპასუხა, არ დახვდა არც სახლში და არც პოლიციაში. დანარჩენი სამართალდამცავები, რომლებსაც მსჯავრდებულები ასახელებენ, ახალციხის პოლიციაში უკვე აღარ მუშაობენ. ადვოკატის ინფორმაციით, ისინი გამოძიებამ ერთი წლის წინ გამოკითხა, თუმცა ამ გამოკითხვის იქით საქმე არ წასულა. იურისტების აზრით, პოლიციელებს მფარველები ჰყავთ, რადგან ხმალაძისა და დანარჩენთა წამების დადასტურების შემთხვევაში საქმე მთლიანად იშლება, რაც კონკრეტული პირების ინტერესებში არ შედის. იურისტები დარწმუნებული არიან, რომ არასამთავრობოს ხელმძღვანელი და მისი თანამშრომლები ხე-ტყის უკანონო ბიზნესში ჩართული მაღალჩინოსნების დაკვეთით მოიშორეს. ქეთევან ხმალაძის მეუღლეც კონკრეტული პირების პირად ინტერესებზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ მის ხელშია ინფორმაცია, რომელიც გასაჯაროვდება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რადგან მოქმედი ხელისუფლების პირობებში არანაირ შედეგს არ გამოიღებს.

გამოიძიონ მკვლელობა და ყველა გასაღები იქ დევს. ეს იყო სულ სხვა რამ, კონკრეტული „დანაშაულის“ იმიტაცია, რომ ქეთევან ხმალაძე ციხეში წასულიყო“, - ამბობს მისი მეუღლე.

ხმალაძის საქმე უკვე სტრასბურგშია. ოჯახი და იურისტები დარწმუნებული არიან, რომ ევროპის სასამართლოში წამების ფაქტი დადასტურდება და სახელმწიფოს დიდი კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი