ვაქცინაციის პროცესზე დაბალ აქტივობას, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე "ცალკეულ პირებსა და ტელევიზიებს" აბრალებს, რომლებიც მისი თქმით, ქვეყანაში ანტივაქსერულ კამპანიას აწარმოებდნენ.
არ მინდა, ცალკეული პირები და ტელევიზიები დავასახელო, ვინც გააჩაღა აქტიური ანტივაქსერული კამპანია, რომ ეს არის ცუდი ვაქცინა, ქართველ ადამიანებზე მთავრობა ატარებს ექსპერიმენტს, არ გაიკეთოთ ეს ვაქცინა, მას აქვს უამრავი გვერდითი მოვლენა, შეიძლება გამოიწვიოს სასიკვდილო შემთხვევები, 13-მა ქვეყანამ შეაჩერა ამ ვაქცინის გამოყენება და საქართველომ მაშინ დაიწყო, როცა სხვებმა შეაჩერეს და ა.შ. ეს იყო აღვირახსნილი, საკუთარი ქვეყნის სიძულვილით გაჟღენთილი და ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ყოვლად უსაფუძვლო კამპანია. სამწუხაროდ, ამ კამპანიამ იმოქმედა. ამას დაემატა კიდე იმ ამბიციადაუკმაყოფილებელი ექიმების და ვაიექსპერტების გამონათქვამები, რომ მე არ გავიკეთებ ვაქცინას და მოგიწოდებთ, თქვენც არ გაიკეთოთ. ყველაფერმა ამან განაპირობა ის, რომ დღეს გვაქვს დაბალი აქტივობა, - თქვა ცერცვაძემ.
საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა 13 მარტს შემოვიდა. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.