ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მეტი უსაფრთხობისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ახალციხეში, 27 წლის ექთანი ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა და მოგვიანებით გარდაიცვალა.
"იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხოა მრავალპლოფირულ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება. ამიტომ ყველა ის ჯავშანი, რომელიც ჰქონდათ გაკეთებული ჩვენ კოლეგებს ამბულატორიულ დაწესებულებებში დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება. 40 კლინიკაა, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება", - თქვა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიამ ოჯახს და ყველა კოლეგას მიუსამძიმრა, მისი თქმით, დადგა ის შედეგი რასაც არ ელოდნენ და რომელიც ყველასთვის ძალიან მძიმეა.
გაბუნიას განცხადებით, ალერგოლოგების ჩართულობით მომზადდა ახალი პროტოკოლი, თუ რა ზომები უნდა მიიღონ ანაფილაქსური რეაქციის დროს.
ცოტა ხნის წინ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა დილიდან სტაბილურად მძიმე იყო.