ახალციხის კლინიკა "იმედში" ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო - კლინიკის თანამშრომლებს გარდაცვლილი ექთნის ქმარი დაუპირისპირდა. 27 წლის მედდის ოჯახის წევრები და ქმარი პასუხისმგებლობას კლინიკის ადმინისტრაციას აკისრებს. ოჯახის განცხადებით, ექთანი თბილისში უკვე გარდაცვლილი გადაიყვანეს.
კლინიკასთან ამ დროისთვის სიმშვიდეა. ქმარი კლინიკის ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა განარიდეს. "იმედში" მისული იყო მეგი ბაქრაძს დაც. როგორც ის ამბობს კითხვები ჰქონდა კლინიკის ადმინისტრაციასთან, თუმცა პასუხები ნაწილობრივ მიიღო.
გარდაცვლილი ექთნის ახლობლები ამბობენ, რომ მეგი ბაქრაძე აცრის გაკეთებამდე ცუდად იყო და საავადმყოფოში შესაბამისი მედიკამენტიც დაალევინეს.
"ინტერვიუს, რომ აძლევდა უკვე გაკეთებული ჰქონდა ვაქცინა. უკვე რაღაც ზემოქმედების ქვეშ იყო, წამალი, რომ დალია მერე თავის ტკივილებს უჩიოდა. რა წამალი დალია არ ვიცით, გუშინ არკვევდა მეუღლე და არ ეუბნებიან. დაუდევრობას აქვს ადგილი, ან სიტუაციების მართვის უნარი არ გააჩნდათ იმ საავადმყოფოში", - ამბობს მეგი ბაქრაძის ნათესავი.
თავად კლინიკა "იმედი", გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მეგი ბაქრაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაცვლილი გადაიყვანეს უარყოფს. მათი თქმით, 27 წლის ექთანს პირველადი დახმარება ახალციხეშივე აღმოუჩინეს და ადრენალინიც გაუკეთეს.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.