ახალციხის "კლინიკა" იმედში მომუშავე ექიმები, უარყოფენ გარდაცვლილი ექთნის ოჯახის განცხადებებს, რომ კლინიკამ მეგი ბაქრაძეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ვერ გაუწია და ახალციხიდან ის გარდაცვლილი გადაიყვანეს.
"ვაქცინაციდან დაახლოებით, 20-25 წუთის შემდეგ დაეწყო ქავილი, ჰიპერემია გამოუვლინდა კანზე. იქ მყოფმა ექიმმა ჩაატარა შესაბამისი პირველადი მედიკამენტოზური დახმარება. ეს იყო ადრენალინი, ჰორმონი. დექსამეტაზონიც გაკეთდა", - ამბობს, გიორგი აფციაური, რეანიმატოლოგი.
"ქმარმა თუ ნახა თავისი მეუღლე გარდაცვლილი ამავე კლინიკაში, თბილისში ე.ი. გარდაცვლილი გადაიყვანეს და 14 საათი კიდე ატყუებდნენ ცოცხალიაო? მე ქირურგი ვარ, არ ვყოფილვარ იმ სიტუაციაში, ყველაფერი გაუკეთდა რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო", - თქვა გოგი გოგოტიშვილმა, "იმედის" ქირურგმა.
გარდაცვლილი ექთნის ქმარი ამბობს, რომ მეგი ბაქრაძე ახალციხის კლინიკაში უკვე გარდაცვლილი იყო და მან საკუთარი მეუღლე თავად ნახა ამ მდგომარეობაში. გარდაცვალების ფაქტს უარყოფს კლინიკის დირექტორი, თუმცა ამბობს, რომ 27 წლის ექთნის ქმარი, ნამდვილად შევიდა რეანიმაციულ განყოფილებაში.
"ასეთი რამ შეუძლებელია, როგორ წარმოგიდგენიათ, ერთმა კლინიკამ მეორე კლინიკაში გაგზავნა გარდაცვლილი პაციენტი და მიიღეს. ის [მეგი ბაქრაძის ქმარი] შემოვარდა და შეძლო რეანიმაციულ განყოფილებაში შეღწევა", - ამბობს გიორგი ბარძიმაძე, კლინიკა "იმედის" დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.