დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ანაფილაქსიურ რეაქციაზე განმარტებას აკეთებს. როგორც NCDC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ ანაფილაქსიური რეაქცია ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენაა და მისი განვითარება ვაქცინის უხარისხობას არ ნიშნავს.
"ანაფილაქსია დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. ანაფილაქსიის პირველი სიმპტომებია მკვეთრი ადგილობრივი რეაქცია, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამოხატული სიფერმკრთალე, არტერიული წნევის ვარდნა. ანაფილაქსიური შოკი შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს.
ანაფილაქსია არის ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას", - ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს, ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს, "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.