ძებნილი ბიზნესმენები -თურქეთში კრიმინალად აღიარებულები, რომლებსაც საქართველოში მილიონიანი ქონება აქვთ

გამოქვეყნდა:

გალიფ ოზთურქი, დერქან ბაშერი, სერქან კურტულუში - გარდა იმისა, რომ სამივე ბიზნესმენი და ძებნილია, თავშესაფარი ყველამ საქართველოში იპოვა. 

გალიფ ოზთურქი, რომელსაც სამშობლოში 2018 წელს მკვლელობის ხელშეწყობისათვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თურქეთიდან  სასამართლო განხილვების დროს გამოიქცა და საქართველოს მოქალაქეობაც უპრობლემოდ მიიღო - ამის შესახებ თურქულ პრესაში აქტიურად წერენ. ოზთურქს ახლო ურთიერთობა აქვს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართული ოცნების მინისტრთა კაბინეტის უკვე ყოფილ წევრებთანაც.

2020 წლიდან  დიმიტრი ქუმსიშვილი  და გალიფ ოზთურქი  საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის "გრინ დაზღვევა" საქართველოს აქციების 50-50% ს ფლობენ. ქუმსიშვილი ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა, მაგრამ სმს -ს შეტყობინებით გვიპასუხა. 

ოზთურქი​ აჭარაში უამრავ უძრავ ქონებას ფლობს. მის საკუთრებაშია "მეტრო ჰოლდინგის" 100%- იანი წილი, ბათუმში მდებარე არაერთი სასტუმრო და საქალაქთაშორისო საავტობუსო ქსელი "მეტრო", ბათუმში, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ეიფორია". მისი აქტივების ოდენობა ჩვენს ქვეყანაში 500 მილიონზე მეტია.

გალიფ ოზთურქი ბათუმში ცხოვრობს. არსად დაგვხვდა. მის წარმომადგენელთან რომელმაც დეტალებზე საუბარი არ ისურვა, მაგრამ დაგვიდასტურა რომ ოზთურქს სამშობლოში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.  

თურქული მედიის ცნობით დერქან ბაშერი თურქეთში 5 მილიარდი ევროს მოცულობის კაზინოების ქსელის მფლობელის მარჯვენა ხელია. როგორც კი უკანონო საქმიანობის გამო მის წინააღმდეგ მეზობელ ქვეყანაში საქმის გამოძიება დაიწყო, ის აჭარაში ჩამოვიდა და ახლა 2 კომპანიის მფლობელია.

მისი საკუთრებაა “ინტურისტ იქსო კაზინო ბათუმიც". ყველა მისი კომპანიის იურიდიული მისამართი დერქან ბაშერის საკუთრებაა. მის სახელზე ბათუმში, მშენებარე კორპუსში ერთი ბინა ფიქსირდება.იქ არავის უნახავს. 

სერქან კურტულუში თურქეთის ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ორგანიზაცია "რუხი მგლების" ცნობილი წევრია. "რუხი მგლები" რამდენიმე ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. 

სწორედ მათ სახელს უკავშირდება 2015 წლის ნოემბერში რუსი სამხედრო მფრინავის, ოლეგ პეშკოვის მკვლელობა, რამაც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები დაძაბა.

2018 წელს კურტულუში ბათუმში დააკავეს, თურქული მხარის მოთხოვნის მიუხედავად ის გაათავისუფლეს და 2019 წელს საქართველო დატოვა. ის არგენტინაში რამდენიმე თვის წინ დააკავეს და ახლა ბუენოს აირესის ციხეშია.

25 მძიმე დანაშაულში ბრალდებული და ძებნილი სერქან კურტულუშის სახელზე  საქართველოში, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით დღემდე შპს “მაიას” წილების 75% გაფორმებული და ეს კომპანიაც გალიფ ოზთურქის კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონების მისამართზეა რეგისტრირებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი