ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, მეუფე თეოდორეს განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქომ საკუთარი პოზიცია სინოდზე გააჟღერა. მისი თქმით, მთავარია ადამიანის ნება იყოს გამოხატული და მოქალაქეები ინფორმირებულები იყვნენ.
"საპატრიარქოს პოზიცია სინოდზე იყო გაჟღერებული და ჩვენ ვთქვით, რომ მთავარია ადამიანის ნება იყოს გამოხატული, ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს. მეორე არის მთავარი, რომ ადამიანმა რომ გადაწყვიტოს უნდა იყოს კარგად ინფორმირებული, მედიკოსების მოვალეობაა, რომ კარგად იყვნენ ინფორმირებულები ადამიანები. ჩვენ პროპაგანდას ვერ გავწევთ როგორც ვთქვით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ეს მედიკოსებმა უნდა გააკეთონ, მათი სფეროა", - თქვა მეუფე თეოდორე ჭუაძემ.
მისი განცხადებით, პასუხისმგებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალს ეკისრება.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.