პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მეანო გინეკოლოგიის დეპარტამენტის ექიმს COVID-19 დაუდასტურდა. ის ახლა საავადმყოფოში შვილთან ერთად მკურნალობს.
ინფიცირებული ექიმი „მთავართან“ ამბობს, რომ თავი შეუძლოდ რამდენიმე დღის წინ იგრძნო, თუმცა, კორონავირუსზე ლუგარის ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. პარასკევს კი მან კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაიტარა, სადაც ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი დაფიქსირდა.
პარასკევს უკვე სამსახურში მივედი იმ გრძნობით, რომ მე გამეკეთებინა გულ-მკერდის კტ კვლევა. ვიფიქრე, ფილტვების ანთება არ გამომეპაროს მეთქი და ამიტომ გავიკეთე კტ კვლევა. კვლევაზე აღმოჩნდა დაბურული მინის სინდრომი, რომელიც არის კოვიდ ინფექციის ერთ-ერთი ნიშანი, - ამბობს ექიმი.
ექიმის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა მის კიდევ ერთ თანამშრომელს, რომელიც საავადმყოფოში მეუღლესთან ერთად მკურნალობს.
საუნივერსიტეტო კლინიკაში რომ რამდენიმე ექიმი დაინფიცირდა, ამის შესახებ კითხვა კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა დღეს უპასუხოდ დატოვა. კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე კი უარყოფს, რომ გინეკოლოგს ვირუსი დაუდასტურდა. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში საკარანტინო მდგომარეობა 11 მარტიდან არის გამოცხადებული.
ამჟამად არავის არ დადასტურებია, აბსოლუტურად უარყოფითია გუშინდელ აღებულ სინჯებში და დღეს მივიღეთ დასვენებული სტაფი და ჩვენთან ნამუშევარი გავუშვით სახლებში, ასეთ რეჟიმში ვართ, - ამბობს ტურძელაძე.
ამ დროისთვის, საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ზე 81 პაციენტი მკურნალობს. ქვეყანაში 566 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. პირველი შემთხვევა კი 26 თებერვალს დადასტურდა.