დღეს, 24 მარტს საქართველოში pfizer-სა და biontech-ის ვაქცინას ელოდებიან. ჯამში 29 250 დოზა უნდა ჩამოვიდეს.
უკვე ხვალიდან კი სამედიცინო პერსონალთან ერთად აცრის შესაძლებლობა ექნებათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დღეს კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. თამარ გაბუნიას თქმით, 65 წლის ზემოთ პირებისთვის აცრაზე რეგისტრაცია 25 მარტიდან გაიხსნება.
"ვფიქრობთ, რომ ხვალ უკვე იქნება ფაიზერის ვაქცინაც, რაც დაემატება ვაქცინაციის პროგრამას. ცენტრებისთვის პირობები განსხვავებულია ფაიზერის ვაქცინასთან მიმართებაში. აქ არის მოთხოვნები მოსაცდელ ოთახთან, შესასვლელთან ასევე შოკის საწინააღმდეგო მზაობასთან დაკავშირებით.
25 მარტიდან გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა პორტალზე 65 წლის ზემოთ პირებისთვის",-თქვა გაბუნიამ.
ფაიზერის ვაქცინები ქვეყნის მასშტაბით მრავალპროფილურ კლინიკებში განაწილდება. ჯანდაცვის სამინისტროში დღევანდელ შეხვედრას შვიდი სამედიცინო ცენტრის წარმომადგენელი ესწრებოდა, საუბარია თბილისის ოთხს საავადმყოფოზე, ბათუმის ერთ და ქუთაისის ორ სამედიცინო ცენტრზე.