
სასტუმრო "შერატონის" კარანტინში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სასტუმროს ეზოში კონცერტი გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად, იზოლაციის ორკვირიანი მძიმე პერიოდის შემსუბუქებას ისახავს.
ამ ღონისძიებით ჩვენ გვინდა კიდევ უფრო გავამხნევოთ კარანტინში მყოფი ადამიანები. "შერატონი" იყო პირველი სასტუმრო, რომელმაც კარანტინში ხალხის მიღებასთან დაკავშირებით სურვილი გამოთქვა და მაისის ბოლომდე 200 კაცს უსასყიდლოდ მოემსახურება, - ამბობს "ბრითიშ ამერიკან ტობაქოს" დირექტორი ზვიად სხვიტარიძე.
სასტუმროს ეზოში, მასტერშეფმა გურამ ბაღდოშვილმა, სპეციალური კერძებიც მოამზადა. ამბობს, რომ ამით კარანტინში მყოფ ემიგრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
როცა 15 დღე კარანტინში ხარ და გარეთ ვერ გადიხარ, განტვირთვა გჭირდება. მიზეზი რატომაც ამას ვაკეთებთ არის ის, რომ დავეხმაროთ და გავამხიარულოთ კარანტინში მყოფი მოქალაქეები, - ამბობს "შერატონის" დირექტორი დევიდ სმიტი.
დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ მსგავსი სახის კონცერტები საქართველოს სხვა საკარანტინე ზონაში მყოფი მოქალაქეებისთვისაც მოეწყობა.