ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID 19-ით 46 ექიმი და ექთანია ინფიცირებული. ყველა მათგანი, სავარაუდოდ, პაციენტთან უშუალო შეხების დროს დაინფიცირდა.
მარნეულში კორონავირუსი მარნეულის სასწრაფო დახმარების განყოფილების მენეჯერს დაუდასტურდა. პაციენტს შეხება ჰქონდა ყველასთან, ვისაც წითელ ზონად გამოცხადებულ მარნეულში ეპიდემიასთან პირისპირ უწევს ბრძოლა. ახლა ყველაზე მძიმე რაიონი შესაძლოა სასწრაფო დახმარების გარეშე დარჩეს.
თითქმის აღარ არიან ექიმები და ექთნები ბოლნისსა და თეთრიწყაროში. ბოლნისში სასწრაფოს ბრიგადების 21 ექიმი და ექთანია ინფიცირებული. ამის გამო რაიონში პაციენტებთან ექთანი თეთრიწყაროდან დადიოდა, რომელიც ვირუსის მთავარი გამავრცელებელი გახდა. ახლა თეთრიწყაროში უკვე 50-მდე დადასტურებული შემთხვევაა.
გორის რაიონშიც, ეპიდაფეთქების მთავარი წყარო ექთანი გახდა. მასთან კონტაქტში მყოფი 80 პირი უკვე იზოლაციაშია.
სამედიცინო პერსონალი ღიად არ საუბრობს, თუმცა მათ ინფიცირებულ პაციენტებთან ურთიერთობა სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ. დღის განმავლობაში პერსონალს მხოლოდ ერთ წყვილ ერთჯერად ხალათს, პირბადესა და ხელთათმანს აძლევენ, ბოქსირებული პალატიდან გამოსვლის შემდეგ კი იგივე აღჭურვილობას სპეციალური ხსნარით ამუშავებენ და მრავალჯერადად იყენებენ.
რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი ფიქრობს, რომ ეპიდემიასთან საბრძოლველად სამედიცინო პერსონალი ხშირად მოუმზადებელია და სპეციალური გადამზადების კურსი მათთვის საკმარისი არ არის, რაზეც პასუხიმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება.
საგანგაშო სურათზე საუბრობს გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველიც. საფრანგეთში მოღვაწე ექიმი გიორგი ფხაკაძე ამბობს რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმები სასიკვდილოდ გაწირა და ეპიდემიის პირობებში სათანადო გადამზადებას არ უტარებს.
ოპოზიცია პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს. ისინი საგანგაშო პროგნოზს აკეთებენ.
ჯანდაცვის სამინისტროში კი ჯერ-ჯერობით არ ამბობენ შეიცვლება თუ არა დამოკიდებულება კლინიკების მიმართ.