საქართველოში კორონავირუსით მერვე პაციენტი გარდაიცვალა. ასაკოვანი ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 72 წლის ქალი საავადმყოფოში 14 აპრილს შეიყვანეს.
ძირითადი დიაგნოზი ეს არის კოვიდ ინფიცირების შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე მიოკარდიულ-ვირუსული ენდოკარდიტის დიაგნოზით, სეფსისი, სეპტიური შოკი. ანამნეზი დატვირთულია ქრონიკული პათოლოგიებით. ანამნეზში ამ ქალს აღენიშნებოდა გულის უკმარისობა, მეორე-მესამე კლასის, არტერიული ჰიპერტენზია, მორბიდული სიმსუქნე. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, ამ დილისთვის დაფიქსირდა გულის გაჩერება და ბიოლოგიური სიკვდილი, - განაცხადა ლევან რატიანმა.
საუნივერსიტეტო კლინიკაში მომუშავე ექიმების ინფიცირების ფაქტებთან დაკავშირებით კი, ლევან რატიანი ამბობს, რომ ინფორმაცია ზემდგომმა ინსტანციებმა უნდა გასცენ.
არცერთი შემთხვევა არ არის დამალული. ეს შემთხვევები იტვირთება რამდენიმე პორტალზე, სადაც მითითებული და იდენტიფიცირებულია ნებისმიერი პაციენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მე ვიხსნი პასუხისმგებლობას როგორც მკურნალი ექიმი და ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებლობა გადადის ჩემზე მაღლამდგომ ინსტანციებზე, - ამბობს რატიანი.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 76 ინფიცირებული პაციენტია, მათ შორის, შვიდის მდგომარეობა მძიმეა.
რაც შეეხება ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას, ბოლო 24 საათში COVID 19-ის შემთხვევები 16-ით გაიზარდა და 582 გახდა. ახალი პაციენტებიდან შვიდი ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, მათთან ახალ კორონავირუსზე 47 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 5 პაციენტს მძიმე პნევმონია აღენიშნება.
შვიდი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის მძიმე, კრიტიკული მდგომარეობით. ეს არის მაღალი ასაკის პირი. ამ ეტაპზე 13 მოზარდი გვყავს, რომელთა მდგომარეობა პროგნოზულად კეთილსაიმედოა, - ამბობს ეზუგბაია.
COVID 19-ის სტატისტიკა საქართველოში