მარნეულის სასწრაფო დახმარების რვა ექიმს COVID 19 დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

მარნეულის სასწრაფო დახმარების რვა ექიმს COVID 19 დაუდასტურდა. სამედიცინო ცენტრი უკვე დახურულია. ექიმები ამ დროისთვის კარანტინში იმყოფებიან. ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა კონტაქტებს სწავლობენ.

უახლოეს მომავალში, მარნეულის სამედიცინო ცენტრი ექიმების ახალი ჯგუფით შეივსება და მუშაობა განახლდება.

მარნეულში იმყოფებოდა დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძის თქმით, ქალაქში PCR ტექნოლოგიური ლაბორატორიის გახსნა იგეგმება.

თითქმის გავანულეთ ახალი შემთხვევების რიცხვი, რომელიც, სამწუხაროდ, გუშინ ექიმებში ისევ გვქონდა. ამიტომ ისევ არის აღსადგენი გარკვეული ე.წ. მასობრივი კვლევის ღონისძიებები, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

რაც შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ექიმებმა ინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოახერხეს და მოსახლეობა სამართალდამცავებს ხელკეტებით დაუპირისპირდა - ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

ქვემო ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, ყველა პაციენტი საავადმყოფოებში უკვე გადაყვანილია. 

დაიწყო გამოძიება, იქ იყო კრიმინალი, ფაქტი, რომელიც სამართლებრივად უნდა შეფასდეს. ამ ყველაფერს სჭირდება კვალიფიციკაცია, სრულყოფილი გამოძიება. გამოვიდნენ ინფიცირებული ადამიანები და გადავიდნენ კლინიკებში, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ბოლნისში ინციდენტი გუშინ ღამით მოხდა. ექიმები ინფიცირებული პაციენტების გადასაყვანად მივიდნენ, თუმცა, სოფლის მოსახლეობამ მათი გადაყვანის უფლება არ მისცა. ადგილობრივები ექიმებს, ეპიდემიოლოგებსა და სამართალდამცავებს ქვებითა და ხელკეტებით დაუპირისპირდნენ. ინციდენტის შედეგად დაზიანებულია საპატრულო პოლიციის მანქანები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი