კახეთში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი შესაძლოა, გაიზარდოს. ცნობილი ხდება, რომ COVID-19 რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხში მამასთან სტუმრად იმყოფებოდა.
ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ლაგოდეხში მცხოვრებ ასაკოვან მამაკაცს ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ ჰქონდა, თუმცა თერმოსკრინინგით მას ტემპერატურა დაუფიქსირდა და ამჟამად ცხელების ცენტრშია გადაყვანილი. ექიმები ახლა ლუგარის ლაბორატორიის პასუხს ელოდებიან.
მამის გარდა, ეპიდემიოლოგებმა უკვე მოიძიეს ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის 14 კონტაქტი. ამ დროისათვის, არც ერთ მათგანს ტემპერატურა არ აღენიშნება და ყველა თვითიზოლაციაშია.
შვილს აღმოაჩნდა დადასტურებული კორონავირუსი. 30-ში ჩამოვიდა გურგენიანში მოხუც მამასთან. დამირეკა რუსთავის საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ, რომ მიაკითხეს და სახლში არ დახვდათ. გაარკვიეს, რომ ლაგოდეხში იყო და სასწრაფოდ გადმოვიყვანეთ ცხელების ცენტრში, - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის ცენტრის ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე "მთავართან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ კახეთში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. ინფექცია სასწრაფოს ექიმს დაუდასტურდა. ის "ევექსის" კლინიკაშიც მუშაობდა და ხშირი შეხება ჰქონდა პაცინტებთან. ინფიცირებული ექიმი თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
ყვარელში ეპიდემიოლოგები ამ დრომდე მუშაობენ და ექიმისა და მისი ოჯახის წევრების კონტაქტებს ადგენენ.