ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე იმ პირებს, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და "ამბოხში" მონაწილეობდნენ "ბოლო გაფრთხილებას" აძლევს და ამბობს, რომ ეპარქია მათ წინააღმდეგ ეკლესიურ მეთოდებს გამოიყენებს.
მიტროპოლიტმა "ამბოხში" მონაწილე პირებს სინანულისთვის ვადას მომავალი კვირის კვირა დღემდე აძლევს.
"მე ყველას მოვუწოდებ სინანულისკენ, ბოლო გაფრთხილება იქნება, რომ ყველა იმ ადამიანმა ვინც ამ ამბოხში მიიღო და აგრძელებს მონაწილეობას. გონს მოვიდეთ, უფსკრულის წინაშე დგანან და საქართველოს გადაჩეხაც უნდათ, მაგრამ იცოდნენ, რომ საქართველო მათ არ გადაჰყვება, ჩვენ გაგვაჩნია იმის ძალაც და შესაძლებლობაც, რომ ეს მოქმედებები ავლაგმოთ. მაგრამ ეს არ არის ძალისმიერი მეთოდები, ეს არის ეკლესიური მეთოდები და ამ მეთოდებს ჩვენ გამოვიყენებთ. მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, უკვე საბოლოოდ და ვადას ვაძლევ იქითა კვირა დღემდე, რომ ყველა ადამიანი ვინც ამაში მონაწილეობდა მოვიდეს და მოინანიოს.
პეტრემ და თავის დამქაშებმა, რომლებიც ჩემ ეპარქიაში არ არიან, მაგრამ ჩემს ეპარქიას ეხებიან ბინძურად მათაც ვაფრთხილებ, იმიტომ, რომ ვარ სინოდის წევრი და რა თქმა უნდა, ამ საკითხს დავაყენებ სინოდზე ძალიან მკვეთრად, არაფერი გადადება ამ საკითხის აღარ შეიძლება", - თქვა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
24 მარტს მეუფე სტეფანესა და მამა ათენოგენს შორის კონფლიქტი მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მეუფე სტეფანეს ბრალდებები გახდა, რომელმაც თქვა, რომ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს გერმანიაში შვილი ჰყავს.
მარტვილის ეპარქიაში მსახური მამაოების ნაწილმა კანცელარიაში სპეციალური განცხადება შეიტანეს. ისინი სინოდსა და ცაგერ-ლენტეხის მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს მიმართავენ. სასულიერო პირები ითხოვენ, რომ მიტროპოლიტმა სტეფანე კალიჯიშვილმა დაამტკიცოს მეუფე პეტრე (ცაავას) წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები.