კორონავირუსით ინფიცირებული 582 პირიდან, 73 ექიმია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, კახეთში COVID-19 კიდევ სამ ექიმს დაუდასტურდა. ცნობილია, რომ სამივე მათგანი იმ მედიკოსის კონტაქტებიდანაა, ვისაც კორონავირუსი დღეს ყვარელში დაუდასტურდა.

კახეთმა მწვანე ზონის სტატუსი დღეს დაკარგა. ვირუსი 50 წლის ქალს, სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდგინდა. სასწრაფოს გარდა, ქალი ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, დადიოდა გამოძახებებზე და  პაციენტებსაც იღებდა. ახლა ამის გამო 600-მდე პირი სავალდებულო კარანტინშია გადაყვანილი. ეს კახეთში ინფიცირების პირველი შემთხვევაა. ტესტირების პასუხებს ახლა დაავადებული მედდის კოლეგებიც ელოდებიან. ექიმის ინფიცირების წყაროს დადგენაზე კი ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის გარეშე დარჩა დღეს მარნეული. ვირუსი სასწრაფო დახმარების რვა ექიმს დაუდგინდა. რაიონში  დაიხურა გადაუდებელი დახმარების ცენტრი. სასწრაფო დახმარების გარეშე დარჩენილი რეგიონი მედპერსონალის დამატებას სხვა რეგიონიდან ელოდება.

სასწრაფო დახმარების ბრიგადები ერთ კვირაზე მეტია აღარ ჰყავთ თეთრიწყაროსა და ბოლნისში. 

დღეს გაიზრდა გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფიცირებული მედდის კლასტერიც. მუნიციპალიტეტში ვირუსი იმ პირს დაუდგინდა, რომელსაც ინფიცირებულ მედდასთან ახლო კონტაქტი ჰქონდა.

582 ინფიცირებულიდან 73 ექიმია, რაც ეს მთლიანი მონაცემის 12%-ზე მეტია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამ ციფრებს საგანგაშოდ არ მიიჩნევს.  

თბილისში ყველაზე მეტი ინფიცირებული მედიკოსი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ჰყავს. ლევან რატიანმა დღეს ყველა კითხვას უპასუხა და არ გამორიცხა, რომ თავადაც დაავადდნენ. 

კლინიკის ხელმძღვანელი არ ამბობს, მართალია თუ არა, რომ ექიმებს მწირი ეკიპირება აქვთ და უწევთ თუ არა აღჭურვილობის მრავალჯერადად გამოყენება.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი