პანდემიით დაზარალებული ტურიზმი დახმარების მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

სასტუმროები, რესტორნები, ტურისტული კომპანიები და გიდები დახმარების მოლოდინში არიან. წელს, ზაფხულში, საქართველო ტურისტებს ვეღარ უმასპინძლებს. პანდემიამ ამ სფეროში დასაქმებული ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა. ახლა მათი ყოფა მხოლოდ სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 

კრიზისი მძიმე ტვირთად დააწვათ გიდებსაც. ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ერთადერთი  შემოსავალი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხა იყო, თუმცა ახლა სამსახურის გარეშე დარჩნენ. უხელფასო ექსკურსიამღძოლები მთავრობის გეგმას ელოდებიან, თუმცა უცნობია, რას შესთავაზებს ხელისუფლება მათ.

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, რომელშიც 12 ასოციაცია გაერთიანდა, ეკონომიკის სამინისტროს კონკრეტული გეგმით ექვს მაისს მიმართავს. ერთ-ერთი, რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციაა.

მისი დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ფიქრობს, რომ აუცილებელია შეღავათები, რომლებიც სასტუმროებსა თუ რესტორნებს ტურისტულ ბაზარზე დატოვებს.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ მთავრობა ტურისტული ინდუსტრიის დასახმარებლად სპეციფიკურ გეგმას ამზადებს, თუმცა კონკრეტულად რას, ჯერჯერობით უცნობია.

ტურიზმის სექტორში დასაქმებულები ვარაუდობენ რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას დროულად არ შეიმუშავებს, ტურისტული ობიექტები გაკოტრდება და მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი