3 კვირა დაკარგულია - აცხადებს დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი ვაშლიჯვრის მეწყერზე საუბრისას.
მისი თქმით, რეალური სურათის დასანახად და მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, დედაქალაქის მერიას ადგილზე მუშაობა 3 კვირის წინ უნდა დაეწყო.
"ამ ეტაპისთვის დაახლოებით მუდმივი სიჩქარით გადაადგილდება მეწყერი. რაც შეეხება დანარჩენ ფერდს, იმაზეც გვაქვს ეჭვი და უკვე პირველადი მონაცემები, რომ ისიც გადაადგილდება, რაც ზრდის მოცულობას იმ მასის, რომელიც ჩამოწოლადია. რაც შეეხება მოსახლეობას, ჯერ კიდევ არ გვაქვს პასუხი, სამწუხაროდ, 3 კვირა დაკარგულია, ბოლო 10 დღეა ვმუშაობთ და დანარჩენი სამი კვირა დაკარგულია. მაშინ რომ დაწყებულიყო სამუშაო შეიძლება გვცოდნოდა, ზუსტად ემუქრება თუ არა მოსახლეობას საფრთხე",-თქვა ლაშა სუხიშვილმა.
სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურის უფროსი, მიშა წეროძე ამბობს, რომ ადგილზე სეისმური ქსელი გაიმართა და მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
"სეისმური ქსელი გაიმართა ადგილზე, რომელსაც 24 საათიან რეჟიმში, ჩვენი სამორიგეო ჯგუფი აკვირდება. ნებისმიერ გადაადგილებას ვიწერთ ადგილზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სენსორები, რომლებიც დავაყენეთ, არ არის გათვლილი ესეთი საქმისთვის, უფრო დიდი დიაპაზონი აქვს. ამისთვის არის კონკრეტული სენსორები საჭირო, რომლის შემოტანასაც ვცდილობთ და მიდის მოლაპარაკებები",-თქვა მიშა წეროძემ.
თბილისში განვითარებული მეწყრული პროცესების შესასწავლად ადგილზე გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ. ქართველი გეოლოგების პირველადი დასკვნით, მეწყერი დაძრულია და დღეში დაახლოებით 5 სმ-ით გადაადგილდება.