
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "მთავარი არხი" ერთობლივად ასაჩივრებენ "მაუწყებლობის შესახებ" კანონის იმ ნორმას, რომლიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებით, მას "უხამსი" პროგრამების ეთერში გაშვებისთვის მაუწყებლის სანქცირების უფლებამოსილებას ანიჭებს.
"კომუნიკაციების კომისიამ 2021 წლის 1 თებერვალს ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გადაცემაში "მთავარი შაბათს" ჟურნალისტ ბექა ყორშიას სიუჟეტის გაშვების გამო. კომისიის მოტივაცია - აკონტროლოს გადაცემის უხამსი შინაარსი, მთლიანად ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტაციას", - წერია განცხადებაში.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება, სანქცია დააკისროს მაუწყებელს "უხამსი" პროგრამის ეთერში გაშვებისათვის, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს "მხოლოდ კანონით".
"მაუწყებლობის შესახებ" კანონი არ ადგენს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებას, ებრძოლოს "უხამს" პროგრამებს ტელევიზიასა და რადიოში.