ქართული ოცნების წევრების ლოგიკა - თუ პოლიტიკოსი არ ხარ, პოლიტპატიმარი ვერ იქნები- მმართველ გუნდში ახალი მესიჯბოქსი აქვთ.
ბექა დავითულიანის გუშინ გაკეთებული განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, პროფესიით იურისტები, მთელი დღეა ამტკიცებენ რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარი ვერ იქნება, იმიტომ რომ პოლიტიკოსი არ არის.
აპელირებენ, რომ გიორგი რურუამ მთავარი არხის წილებში 2500 ლარი გადაიხადა, მაგრამ ხელშეკრულების შემდეგი პუნქტის წაკითხვა უჭირთ, რომელის მიხედვით დამფუძნებელმა ტელევიზიაში ნახევარი მილიონის ინვესტიცია განახორციელა.
ივანიშვილის გუნდის წევრებს აღარ ახსოვთ, რომ 2012 წელს ამნისტიის შესახებ მათივე მიღებული კანონით 200-ზე მეტი პირი ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.
ამ კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკური პატიმრის მნიშვნელობა განუმარტა.
ევროსაბჭოს რეზოლუციაა #1900 2011 წელს მიღებული დოკუმენტია, რომელშიც წერია, რომ თუ ადამიანი დაკავებულია საკუთარი აზრისა და შეხედულების გამო, თუ პირის წინააღმდეგ გამოყენებული მართლმსაჯულება უკავშირდება მხოლოდ პოლიტიკურ აქტივობას, თუ ადამიანის დაკავება დისკრიმინაციულია და სხვას იგივე დანაშაულისთვის არ აპატიმრებენ, ან დაკავებულია საეჭვო პროცედურების შემდეგ, პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება.
საქართველოშიც და საერთაშორისო პარტნიორების მიერაც გიორგი რურუა პოლიტიკურ პატიმრად არის აღიარებული. მის საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც იარაღის უკანონოდ ტარებას დაადასტურებდა, რადგან მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან.