უმთავრესი პრობლემა ციხეებში ისევ არაფორმალური მმართველობა - ომბუდსმენის ანგარიში

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს, პირველ აპრილს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ 2020 წლის ანგარი წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინა წლების მსგავსად პენიტენციური სისტემის უმთავრეს პრობლემად არაფორმალური მმართველობა რჩება. მისი თქმით, ეს პენიტენციურ დაწესებულებებში ძალადობრივ გარემოს ქმნის.

"წინა წლების მსგავსად, პენიტენციური სისტემის უმთავრეს პრობლემას არაფორმალური მმართველობა წარმოადგენს, რომელიც დაწესებულებებში ძალადობრივ გარემოს ქმნის და პატიმართა დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას. 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ის საქმეები (2013-2020 წლებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით) სადაც პატიმრები საგამოძიებო ორგანოებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ არაფორმალური კრიმინალური მმართველობის სქემის, ჩართული პირების, მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების (მუქარის, ცემის, გამოძალვის, ეკონომიკური დანაშაულების, მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და სხვა) თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ როგორც პატიმრები, ასევე გამოკითხული მოწმეები, მათ შორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადასტურებდნენ მსგავსი სქემის არსებობას, საქართველოს პროკურატურის და პენიტენციური სამსახურის შიდა მონიტორინგის ორგანოებს აღნიშნულ საქმეებზე ეფექტიანი რეაგირება პირთა პასუხისგებაში მიცემის გზით არ მოუხდენია, ასევე, მრავალი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაუტარებელი დარჩა", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატში 154 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდნენ. განცხადებების მიხედვით, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ჩამდენი პირები 77 შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, ხოლო 60 შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები. განცხადებები ასევე ეხებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პირობებსა და გამოძიების გაჭიანურებას.

მისივე განცხადებით, მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა, რომ 2020 წელსაც შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პოლიციის მხრიდან მოპყრობის გაუარესების ტენდენცია.

"ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეების (463 საეჭვო შემთხვევა) 34.3%-ში დაფიქსირდა დაკავებისას ან დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების ფაქტები. ეს მაჩვენებელი 2018 წელს - 26.8%, ხოლო 2019 წელს 31.8% იყო.

სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებულ საქმეებში არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა პოლიციის ავტომანქანაში (გაჩერებულ მდგომარეობაში ან ტრანსპორტირებისას) პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, მათ შორის, ცემაზე. ავტომანქანაზე, როგორც სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ადგილზე, საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშშიც", - წერია ანგარიშში. 

სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს პატიმართა (მათ შორის არასრულწლოვან ბრალდებულთა) დეესკალაციისა და სამარტოო საკნებში დიდი პერიოდით, ხშირად და დაუსაბუთებლად მოთავსების პრაქტიკას.

ანგარიშში წერია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დროული და ხარისხიანი ფიზიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უზრუნველყოფა პრობლემურია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი