ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით რეინფიცირების 140-მდე შემთხვევაა საეჭვო - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი
"დღეისათვის კვლევაში რეინფიცირებაზე საეჭვო 140-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის 16-მდე შემთხვევაში კვლევა დასრულებულია და 3 შედეგი გვაქვს მიღებული, როდესაც ეს ნამდვილად რეინფექციაა. კვლევები გრძელდება", - ამბობს ხათუნა ზახაშვილი.
მისივე განმარტებით, რეინფიცირების შემთხვევები მთელს მსოფლიოში მატულობს - "ასევე, რეინფექციად განისაზღვრება ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანის ჭეშმარიტი ინფიცირება ორჯერ, თანმიმდევრულად ხდება, ისე რომ ერთხელ სრულად გამოჯანმრთელდება და მერე მეორეჯერ ხდება ადამიანის ინფიცირება".
ზახაშვილის თქმით, ვაქცინაციის პროცესში 27 ადამიანს სერიოზული გვერდითი მოვლენა გამოვლინდა. მათგან 4 შემთხვევაში ინტენსიური თერაპია გახდა საჭირო, 3 შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია, ხოლო 2 შემთხვევაში რეანიმაციაში გადაყვანა.