
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ფინანსთან სამინისტროს ერთ-ერთი სსიპ-ის სამმართველოს უფროსი დააკავა.
საუბარია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა "ფოთის" მომსახურების სამმართველოს უფროსზე, რომელმაც იცოდა, რომ მის საბაჟო ტერმინალზე შევიდა დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი 3 ავტომანქანა, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პირადი მოტივით, უგელვებელყო ავტომანქანების შეჩერებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინების ვალდებულება.
"გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 04 მარტს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ შევიდა დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი და ინტერპოლის სამდივნოს ერთიან ბაზაში გატაცებულად რეგისტრირებული სამი ერთეული ავტომანქანა. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სამმართველოს უფროსისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია ძებნილი ავტომანქანების შესახებ, 2021 წლის 09 მარტს, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პირადი მოტივით, უგელებელყო ავტომანქანების შეჩერებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინების ვალდებულება, სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაადეკლარირა იმპორტის რეჟიმში და გადასცა დაინტერესებულ პირებს, რითაც ხელი შეუწყო ძებნილი ავტომანქანების თავისუფალ ბრუნვაში მოქცევას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შემდგომ გასხვისებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.