წამება და ფსიქოლოგიური ზეწოლა რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - პატიმარ ვლადიმერ ჩადუნელის ოჯახი ციხის ადმინისტრაციას მსჯავრდებულის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.
როგორც 35 წლის გიორგი ჩადუნელის ნათესავები ამბობენ, კაცს, ორ წელზე მეტია სამარტოო საკანში ამყოფებენ. მათი თქმით, მასზე ციხის ბადრაგები, მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსის, შოთა ტრაპაიძის ბრძანებით, სცემენ და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ. მათი თქმით, პატიმარს შეზღუდული აქვს პაემნებიც.
"15 თებერვალს ვნახე და ძალიან იყო ნაცემი. ჩალურჯებები ჰქონდა, ცუდად იყო, ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა. კარგად ვერც მელაპარაკებოდა თავზე ადგა ბადრაგი. ფურცელი ჩუმად მაჩვენა, ხმა არ ამოიღო ისე წაიკითხეო, ციხის დირექტორზე, შოთა ტრაპაიძეზე ეწერა, ასე და ასე მექცევაო. ბადრაგი სცემს, ციხის უფროსის დავალებით, როგორც ჩანს. არ გვეუბნებიან მიზეზს, რატომ სცემენ. ღამე გვაღვიძებენ, გავყავართ და გვცემენო, ადრე გამაშიშვლეს და ისე მცემესო, გონება რომ დავკარგე შემდეგ დამანებეს თავიო", - ამბობს, პატიმრის ცოლი, ნათია ჩადუნელი.
ოჯახის წევრების თქმით, ვლადიმერ ჩადუნელმა თვითმკვლელობა რამდენჯერმე სცადა და მასზე ბადრაგები ფსიქოლოგიურადაც ძალადობენ.
პატიმრის ოჯახს აინტერესებს, რატომაა ვლადიმერ ჩადუნელი სამარტოო საკანში და ციხის დირექტორის დასჯას მოითხოვენ. ისინი, სახალხო დამცველს მოუწოდებენ მე-6 დაწესებულებაში სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნოს.
ვლადიმერ ჩადუნელი, ქურდობისთვისაა ნასამართლევი და 5 წელი აქვს მისჯილი, ის უკვე 3 წელია ციხეშია.