მასალების გაცნობის უფლება მოგვცეს, გადაღების არა - მეგი ბაქრაძის ადვოკატები პოლიციაში მივიდნენ

გამოქვეყნდა:

28 წლის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები ამ წუთებში გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში საქმის მასალების გასაცნობად იმყოფებიან. იურისტებმა საგამოძიებო უწყებაში მისვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მათ მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების მოპოვებული მასალები არ გადაეცათ.

მეგი ბაქრაძის უფლებადამცველებს მხოლოდ დღეს მისცეს საქმის მასალების გაცნობის უფლება, თუმცა მათ საქმის მასალების სახლში წამოღებისა და უკეთ გაცნობის საშუალება არ აქვთ.

"ამ წუთას საქმის მასალებში არის ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომელსაც არ ვიცნობთ. პროკურატურამ შეცვალა თავისი პოზიცია და სრულიად უკანონო პოზიციაზე იმყოფება ახლა, როდესაც გვეუბნება, რომ მხოლოდ მასალების გაცნობის უფლებას მოგვცემს და არა მათი გადაღების საშუალებას. 10 დღეზე მეტია გასული, რაც მასალებზე წვდომა არ გვაქვს. ბოლო პერიოდში მიდიოდა მოლაპარაკება პროკურატურასა და ჩვენ შორის. როგორც იცით, გამოსცეს სრულიად უკანონო დადგენილება და შემდეგ გააუქმეს", - ამბობს ადვოკატი ვახტანგ ბარამიშვილი.

ბეგი ბაქრაძის ოჯახის მეორე ადვოკატის, ნინო ამაღლობელის თქმით, მთავარი კითხვებია: შეიძლებოდა თუ არა ბეგი ბაქრაძის იმუნიზაცია? ჰქონდა თუ არა პოსტვაქცინაციის პერიოდში კლინიკა "იმედს" შესაბამისი ინვენტარი და მედიკამენტები? იყო თუ არა ვაქცინაციის პროცესში ჩართული მედპერსონალი გადამზადებული? იყო თუ არა დაცული ვაქცინაციის პროტოკოლის მოთხოვნები? როგორი იყო მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე?

ადვოკატებმა 15:00 საათზე საგანგებო განცხადებაც დააანონსეს. მათი თქმით, ყველა ახალ მტკიცებულებასა და გარემოებას საზოგადოებას გააცნობენ.

28 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი