
კათოლიკური სამყარო ხვალ აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს, თუმცა, გორის კათოლიკური ეკლესიის მრევლი ცისკრის მსახურებას სამლოცველოში ვერ შეხვდება. ამის მიზეზი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, კომენდანტის საათის დროს, გადაადგილების ნებართვაზე უარია.
კათოლიკეები იძულებული გახდნენ საუკუნეების ტრადიცია შეცვალონ და სააღდგომო ლიტურგია კომენდანტის საათის დაწყებამდე დაასრულონ. ისინი ფიქრობენ რომ, ხელისუფლება მათ კონსტიტუციურ უფლებას უზღუდავს და დახმარებას ითხოვენ.
"არ არის ისეთი გამწვავებული სიტუაცია, რომ ერთი ღამე ყოფილიყო უფლისთვის. მაგრამ სამწუხაროდ, მეუფე იოსები მივიდა, რომელმაც მკაცრად და მთელი გულით სთხოვათ, რომ ერთი ღამით დაეშვათ ან ალტერნატივა მოეფიქრებინათ, რომ ჩვენთვის კათოლიკეებისთვის დაეშვათ საშვი. ჯერ არ გვიპასუხეს და ბოლოს გვითხრეს უარი", - ამბობს ერთ-ერთი კათოლიკე სასულიერო პირი.
კათოლიკეების თქმით, სახელმწიფო მათ არ მიიჩნევს ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად.
ცნობისთვის, კათოლიკეები კომენდანტის საათის ერთი დღით გაუქმებას, შობის დღეს, 25 დეკემბერსაც მოითხოვდნენ, თუმცა შსს-გან უარი მიიღეს. კომენდანტის საათი ასევე არ გაუქმებულა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე. თუმცა, გაუქმდა მხოლოდ 7 იანვარს.