პატიმარს სისტემატიურად აწამებს, ამცირებს და გაუპატიურებით ემუქრება რუსთავის ციხის ადმინისტრაცია. 24 წლის მსჯავრდებული, ნოდარ ტატუნაშვილი პერიოდულად გაჰყავთ სპეციალურ, საწამებელ ოთახში, სადაც მას არაადამიანურად ამცირებენ, აშიშვლებენ, სიგარეტს აწვავენ, სერავენ და ასე შემდეგ.
ოჯახი ეჭვობს, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა უკავშირდებოდეს ციხის მაყურებლების ინსტიტუტს, რომელსაც 24 წლის მსჯავრდებული, გლდანის საპატიმროში შეეჩეხა. მოგვიანებით, პატიმარი უკვე რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
პატიმრის წამების ფაქტზე რეაგირებისთვის ტატუნაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა ყველა შესაბამის უწყებას მიმართა. გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო. ნოდარ ტატუნაშვილი დაკითხეს მაგრამ მისი ჩვენების გასამყარებლად ციხის შიდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება ვერ მოხერხდა. ადმინისტრაციამ ინსპექტორის სამსახურს განუმარტა რომ მასალა მხოლოდ ხუთი დღე ინახებოდა.
ნოდარ ტატუნაშვილი 2015 წლიდან რამდენჯერმე დააკავეს, თუმცა ბრალის დადასტურება სასამართლოში ვერც ერთხელ მოხდა. მას 7 გამამართლებელი განაჩენი აქვს.
ახლა ტატუნაშვილი სასჯელს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით იხდის. ადვოკატი ამბობს რომ ბრალეულობა არც ამ საქმეში იკვეთებოდა, თუმცა სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასჯელის მოსახდელად თავდაპირველად გლდანის მე-8 დაწესებულებაში მიიყვანეს. სადაც პრობლემები რამდენიმე თვეში დაიწყო.
"შაბათის მთავარს", ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ, რუსთავის ციხის კიდევ ერთი პატიმარი დაუკავშირდა, რომელიც ასევე წამების მსხვერპლია.