კრიპტოვალუტით ვაჭრობის თაღლითური სქემა - დაკავებულია 11 პირი, დაყადაღებულია 2 მილიონზე მეტის ქონება 

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მასშტაბური საერთაშორისო სქემა გამოავლინა - დაკავებულია 11 პირი:

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქე ჯ.ჰ.-მ, თანამზრახველებთან ერთად, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფი წევრებს შორის განაწილებას. უკანონო საქმიანობაში ორგანიზატორებმა ეტაპობრივად ჩართეს არაერთი უცხო ენების მცოდნე პირი, რომლებიც სისტემატიურად უკავშირდებოდნენ პოტენციურ დაზარალებულებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანარიშსწორებით შეძენას. დაინტერესების შემთხვევაში ჯგუფის წევრები მათ დისტანციურად არეგისტრირებდნენ შესაბამის ვებგვერდზე, რის შემდგომაც მათივე სახელით ახორციელებდნენ კრიპტოვალუტის შეძენას, რა დროსაც უზრუნველყოფდნენ გადახდილი თანხის შესაბამისი ელ.ვალუტის არა დაზარალებულის, არამედ ორგანიზებული ჯგუფისათვის ხელმისაწვდომ ანგარიშებზე ასახვას. ზემოაღწერილი ხერხით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის ათეულობით მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. ამ ეტაპისათვის დადგენილი ზიანის ოდენობა შეადგენს 620 000 ევროს - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის წევრების ნაწილმა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია ძვირადღირებული ავტომანქანებისა და უძრავი ქონების შეძენით მოახდინა. გამოძიებამ ეს ყველაფერი დააყადაღა.

დაყადაღებულია ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელის - ჯ.ჰ.-ს საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხაც.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გამოყენების, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი