ყოველწლიურად იზრდება პროკურატურის მიერ მოთხოვნილი პატიმრობის მაჩვენებელი - საია

გამოქვეყნდა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების 4-წლიანი მონიტორინგის შედეგები წარადგინა. ანგარიშში, ყურადღება გამახვილებულია პროკურატურის მხრიდან, აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის ზრდაზეც.

ანგარიშის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევა ხშირ შემთხვევაში არ არის გამყარებული თანაზომიერი არგუმენტაციით. ასევე ხშირია პატიმრობის დაუსაბუთებლად შეფარდებაც. 

"საიას მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ყოველწლიურად იზრდება პროკურატურის მიერ მოთხოვნილი პატიმრობის მაჩვენებელი. ამ მხრივ ყველაზე საგანგაშო აღმოჩნდა 2019-2020 წლის საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული მონაცემი, რომელიც, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 6 პროცენტული ერთეულით არის გაზრდილი. პროკურატურა 686 ბრალდებულიდან 454-ის (66%) მიმართ ითხოვდა პატიმრობას. აქედან სასამართლომ 116 (26%) შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დადებითად უნდა შეფასდეს, რომ 2018 წლის მარტიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტული ერთეულით შემცირდა სასამართლოს მხრიდან პროკურატურის მიერ მოთხოვნილი პატიმრობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდში დაუსაბუთებელი პატიმრობის შემთხვევები 6 პროცენტული ერთეულით გაიზარდა", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციის დასკვნის თანახმად, "დაუსაბუთებელი პატიმრობის შემთხვევების მატება ადასტურებს, რომ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების ამ სახეს კვლავ არ განიხილავს, როგორც ყველაზე მკაცრ ზომას, რომელიც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი