თელავში საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალი დაუმძიმდა

გამოქვეყნდა:

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის დაკავებულ მაღალჩინოსან პოლიციელს ბრალი დაუმძიმდა. თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ვანო ზანდარაშვილს, გამოძიება განზრახ მკვლელობის ნაცვლად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

დეტალების გახმაურება ამ ეტაპზე არ სურს ბრალდებულის ადვოკატს. მოკლული ზურა საჩიშვილის ოჯახის წევრები კი, ბრალის დამძიმებას ეთანხმებიან. ახალ კვალიფიკაციას ეთანხმება მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილი, რომელსაც გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დაწერილი. ის მკვლელობის ღამეს მხარის არეში დაიჭრა. წინასასამართლო სხდომა საქმეზე 8 აპრილს არის ჩანიშნული.

გამოძიება თავდაპირველად, 108-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 109-ე მუხლით საქმის გადაკვალიფიცირება ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მოხდა.

ცნობისთვის, მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, 2020 წლის 25 დეკემბერს მოხდა. თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, სამსახურებრივი იარაღით, პოლიციის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი რამდენიმე გასროლით  მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა სუფრასთან ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი