ტელეკომპანია "თრიალეთის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გარდაცვლილი ქმრის ნათესავებს სიცოცხლის ხელყოფის მუქარაში ადანაშაულებს. ლელა ლობჟანიძე ამბობს, რომ მოკვლით მისი მაზლის შვილები ემუქრებოდნენ, რომლებიც საჯარო უწყებების თანამშრომლები არიან.
ზაზა ელადრიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელია, ხოლო მისი ძმა თამაზი ქარელის სპორტის ააიპ-ის თანამშრომელი. ლობჟანიძე ამბობს, რომ მასზე განხორციელებული მუქარის პირველივე ფაქტზე საგამოძიებო უწყებებს მიმართა თუმცა, პროკურატურამ ძმებ ელადრიშვილებს ბრალი დღეს, 9 თვის თავზე წარუდგინა.
"ამ ხნის განმავლობაში შიშის ქვეშ ვცხოვრობდი, სპეცრაზმელს უფლებამოსილებაც კი არ შეუჩერეს და იარაღით დადიოდა. მისი მუქარა რეალური იყო. ვფიქრობ, რომ ხელს აფარებდნენ რადგან, ორივეს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ", - აცხადებს ლელა ლობჟანიძე.
ძმებს ბრალი 151-ე პრიმა მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც სიცოცხლის ხელყოფის ჯგუფურად მუქარას გულისხმობს.
ამ წუთებში საქმეს გორის რაიონული სასამართლო განიხილავს და ძმების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.