
საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი ინვესტორი სამშენებლო კომპანია "ორბი ჯგუფს" ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ კომპანია საქართველოს დისკრედიტაციას ეწევა უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე, ატყუებს ინვესტორებს და თავს არიდებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
ინვესტორმა ორი წლის წინ შეიძინა "ორბი ჯგუფის" აპარტამენტები. მას კომპანია კონკურენტებთან შედარებით გაცილებით დაბალ ფასებს, მომსახურების ყველაზე დაბალ პროცენტს სთავაზობდა, ასევე აპარატამენტი უნდა ყოფილიყო სრულად დამთავრებული რემონტით, ავეჯით და საოჯახო ტექნიკით. ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმრო კომპლექსი ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა. მიუხედავად ამისა, კომპანია ითხოვს აპარტამენტების მიღებას და მაშინვე მათთვის გადაცემას სამართავად, ხოლო მომსახურებისათვის, 2 დოლარს კვ. მეტრში.
"ჩემი აზრით აუცილებელია ამ სიტუაციის გასაჯაროება. ორბი ჯგუფი თავისი ქმედებებით არამარტო აფრთხობს ინვესტორებს, ის ჩრდილს აყენებს საქართველოს რეპუტაციას, როგორც ტურიზმისათვის სასურველი ქვეყნას. საზოგადოებამ უნდა გაიგოს თუ რა ხდება "ორბში“ და ზოგადად საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე" - აღნიშნა ვერა ზიმნოვამ.
ინვესტორი აცხადებს, რომ ერთადერთი ბრძოლის გზა სამართლებრივი მეთოდია. აპირებს სასამართლოს მიმართოს, თუმცა მიაჩნია, რომ სასამართლო ორბი ჯგუფის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას რადგან საქართველოში ბოლო პერიოდში დემოკრატია არ არსებობს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე