
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, (ყოფილი EMC) აცხადებს, რომ მთავრობა ევროსასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს. ამის შესახებ ორგანიზაციამ დღეს პრესკონფერენცია გამართა. მათი თქმით, მთავრობა ევროსასამართლოშიც კი აშკარად დაუსაბუთებელ და ფაბრიკაციულ ინფორმაციაზე აპელირებს.
"მიუხედავად, იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის გარემოებები არ წარმოადგენს ოჯახის მიერ სტრასბურგში წარდგენილი განაცხადის დავის საგანს, კომუნიკაციის ყველა ეტაპზე სასამართლოსთვის მთავრობის მიერ გაგზავნილი მოსაზრებების დიდი ნაწილი ეთმობა სწორედ თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის წარმოჩენისა და მისი ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირების მცდელობას.
სამწუხაროდ, მთავრობა კვლავ ცალმხრივი და დამახინჯებული ინფორმაციითა და არგუმენტებით ცდილობს თემირლან მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას და ამ გზით, მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული ფართომასშტაბიანი უკანონო სპეცოპერაციის დაგეგმვისა და აღსრულებისას მიღებული გადაწყვეტილებების გამართლებას", - წერს ორგანიზაცია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების დასაბუთებულობა არ წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე დავის საგანს და ეს მსჯელობა არსებითად სცდება მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადის ფარგლებს.
"სწორედ ამიტომ მივიჩნევთ, რომ საფუძველშივე უადგილო იყო მთავრობის მხრიდან ამ საკითხზე ვრცელი არგუმენტაციის წარმოდგენა და დაცვის სტრატეგიის მეტწილად თემირლან მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციის მცდელობებით აგება. [...]
სამწუხაროდ, ჩადენილი მძიმე დანაშაულის აღიარებისა და ეფექტიანი და სამართლიანი გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლება პირველივე დღეებიდან ცდილობს მაჩალიკაშვილების ოჯახის დევნასა და დეჰუმანიზებას", - აღნიშნავს ორგანიზაცია.
ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ევროპული სასამართლო მთავრობის ამ მოსაზრებებს კრიტიკულ სამართლებრივ შეფასებას მისცემს და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მათი დავის საკვანძო არგუმენტებს და პრეტენზიებს გაითვალისწინებს.