ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ჯერ კორონავირუსის პანდემიის მე-3 ტალღა არაა, თუმცა ის სიგნალებს გვიგზავნის ევროპის ქვეყნებიდან.
"გუშინ რომ გეკითხათ უფრო შეშფოთებული და დაძაბული ვიქნებოდი. [...] დღეს გუშინდელთან შედარებით რომ 200-ით მოიკლო შემთხვევებმა, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. მესამე ტალღა გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ბელგია, გერმანია, თურქეთი სადაც ფიქსირდება მათი ისტორიული მაქსიმუმები, სადაც ჩვენი ადამიანები გვსაყვედურობენ მინიმალური შეზღუდვების გამო, ესეც გასაგებია, ყველას თავისი თავი აინტერესებს, მაგრამ იზოლირებულ სამყაროში არ ვართ, უნდა შევხედოთ, რა ხდება ევროპაში და ამერიკაში", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძემ აღნიშნა, რომ "მესამე ტალღის აჩრდილი მოჩანს ევროპიდან" და საქართველომ არსებული მონაცემები უნდა შეინარჩუნოს.