ოთხი ახალი ინფიცირებული - როგორც მედიკოსები აცხადებენ, ინფიცირებულთა წყაროები დადგენილია. ამ დროისთვის ინფექციურ კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტი მკურნალობს.
საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ კლინიკაში მყოფი ყველა პაციენტის მდგომარეობა, გარდა ერთი ქალბატონისა, სტაბილურია.
ჩვენთან ერთი შემოვიდა, ისიც ჩვენთან მწოლიარე პაციენტის კონტაქტია. გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელსაც აქვს მძიმე პნევმონია, არის ჟანგბადდამოკიდებული, აქვს შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტონული დაავადებები. ჯერჯერობით მდგომარეობის დასტაბილურება ვერ ხერხდება, - ამბობს მარინა ეზუგბაია.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კი ერთი კოვიდინფიცირებული ორსული პაციენტია გადმოყვანილი. მთავარი რეანიმატოლოგის განცხადებით, პაციენტის მდგომარება სტაბილურია. ასევე კლინიკა დატოვა 13 წლის მოზარდმა, რომელიც ყველაზე დიდი დროის განმავლობაში დაყოვნდა კლინიკაში.
ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკას კიდევ ხუთი პაციენტი დატოვებს.
ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 67 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, საიდანაც 12 მოზარდია.
ასევე ცნობილია, რომ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში შეყვანილია ერთი პაციენტი, რომელსაც კოვიდინფექციის სიმპტომები აქვს, მისი მდგომარება მძიმეა, თუმცა ტესტის პასუხი ჯერ ცნობილი არ არის.