თბილისის მერიის განცხადებით, "უცნობი", იგივე გია გაჩეჩილაძე ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გაკეთების გამო დაჯარიმდება. მერიაში "მთავარ არხთან" განმარტავენ, რომ ადგილზე მუნიციპალური ინსპექცია მივა და შესაბამის ოქმს გამოწერს.
შეგახსენებთ, რომ აქცია "უცნობმა" ბერლინის კედლის ფრაგმენტს "ღმერთი სიყვარულია" იასამნისფერი "პულივიზატორით" მიაწერა.
"მე არ ვიცი ეს რატომ არ შედგა, აქ დაიდგა ბერლინის კედელი, ესეც ძალიან კარგია, იმიტომ, რომ ჩვენ ყველანაირი კედელი უნდა დავამსხვრიოთ რაც კი არსებობს ჩვენ შორის, მაგრამ ღმერთი რომ სიყვარულია, აქ მაინც დაიწერება", - თქვა გია გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის მოედანზე ქართულ-გერმანული მეგობრობის ნიშნად ბერლინის კედლის ფრაგმენტი 2017 წელს დაიდგა.