შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ამ დრომდე დუმს. მთავარი არხის ინფორმაციით, ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა იმ მანქანის მგზავრი, რომელსაც პოლიცია დაედევნა.
პირველ ეტაპზე, მთავარ არხს თვითმხილველმა უამბო, რომ სავარაუდოდ BMW-ს მარკის ჯიპს მოყვებოდა უკან საპატრულო პოლიციის მანქანა და მის მოწოდებას გაჩერების შესახებ აღნიშნული მანქანა არ დაემორჩილა, ამის შემდეგ პოლიციამ გაისროლა ჰაერში, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა. თვითმხილველი ამბობს, რომ გარკვევით დაინახა, როგორ გადმოვარდა მანქანიდან ერთ-ერთი მგზავრი.
მთავარი არხის მიერ ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, სავარაუდოდ, ამ მოქალაქესთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მასზე ზეწოლა განახორციელეს, შედეგად მან ჩვენთვის განმეორებითი ინტერვიუს მოცემაზე უარი განაცხადა.
სავარაუდო შემთხვევის ადგილას მოსული პოლიციის თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა.
ჯერჯერობით, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუვრცელებია განცხადება მომხდარის შესახებ და უცნობია, რა მუხლით წარიმართება გამოძიება და დაიწყება საერთოდ თუ არა.