აღდგეს გადაადგილების თავისუფლება, აქციის მონაწილეებს მიეცეთ ნამახვანში შეკრების უფლება - NGO-ები

გამოქვეყნდა:

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "საია" და "მწვანე ალტერნატივა" რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, უზრუნველყოს რიონის ხეობის მცველებისა და მათი მხარდამჭერების გადაადგილების თავისუფლება, რომ სოფელ ნამახვანში ჩავიდნენ.

მათი განცხადებით, უკანასკნელ დღეებში ხელისუფლების მიერ გატარებულმა საპოლიციო მოქმედებებმა განსაკუთრებულად მძიმე და უფლებაშემლახავი ფორმები მიიღო, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს:

"მივიჩნევთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საკუთარი მოქმედებების დასაბუთება სრულიად არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია და მიზნად რიონის ხეობის მცველების მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის ხელშეშლას ისახავს, რაც მძიმე, გაუმართლებელი და არაპროპორციული ჩარევაა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაში.

 აღნიშნულზე ასევე მიუთითებს რიონის ხეობის მცველების მიერ პოლიციისადმი არაერთხელ გაჟღერებული მიმართვა, არსებული კარვების აღების სანაცვლოდ მიეცათ მათთვის უშუალოდ სოფელ ნამოხვანში, ალტერნატიულ ტერიტორიაზე კარვების გაშლის შესაძლებლობა, რაც სრულიად დაუსაბუთებლად უარყოფილი იქნა სამინისტროს მხრიდან. საბოლოოდ, პროტესტის მონაწილეები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სოფელ ნამოხვანში მათი პროტესტის ადგილი და გადასულიყვნენ სოფელ გუმათთან შეკრებილებთან", - წერია განცხადებაში.

NGO-ები წერენ, რომ არსებულ ვითარებაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ "რიონის ხეობის მცველების" ფუნდამენტური უფლებების ამგვარი უხეში და დაუსაბუთებელი შეზღუდვა ქმნის პროცესების დამატებით გართულების რისკებს, რასაც არათუ არ აზღვევს, არამედ ამწვავებს ხელისუფლების საპოლიციო მოქმედებები, რაც მოვლენების შემდგომ განვითარებას მთავრობის პასუხისმგებლობის ქვეშ აქცევს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დაუყოვნებლივ დაუბრუნოს საკუთარი ქმედებები კანონის ჩარჩოებს და უზრუნველყოს რიონის ხეობის მცველების და მათი მხარდამჭერების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, აღადგინოს გადაადგილების თავისუფლება. აქციის მონაწილეებს მიეცეთ სოფელ ნამოხვანში შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა;

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

  • გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა რაც საჯარო ინტერესების დაცვასა და პროცესების ადამიანის უფლებების და დემოკრატიულ პრინციპების საფუძველზე წარმართვას გულისხმობს; უარი თქვას ნამახვანიჰესის მშენებლობის გაგრძელების უკანონო, რეპრესიულ ფორმებზე და მიმდინარე პროცესები დააბრუნოს საჯარო, მონაწილეობითი დიალოგის ფორმატში, რასაც არსებული პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ შესაძლებლობად მივიჩნევთ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტებს:

  • მათი მანდატისა და მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესების ადამიანის უფლებების ფარგლებში, დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით წარმართვისათვის.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი