
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მისი ბიძაშვილის კომპანიას, ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი შესყიდვის წესით - 187 ათასი ლარი გადაურიცხა. თანხა კომპანია "მშენებელმა", რომლის მფლობელიც დავით გოგუაძეა, 2019-2020 წლებში სხვადასხვა ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მიიღო.
კომპანია "მშენებელს" - 2013-2020 - 7 წლის განმავლობაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 658 ათასი ლარი აქვს გადარიცხული.
ორგანიზაციის მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ ოზურგეთის მერი შესაძლოა ამ საეჭვო ტენდერებით სარგებელს თავადაც იღებდეს, რადგან ბოლო 2 წლის განმავლობაში კონსტანტინე შარაშენიძემ 143 ათასი ლარის უძრავი ქონება იყიდა, მაშინ როცა მერის ოფიციალური შემოსავალი ამ წლებში მხოლოდ 56,500 ლარი იყო.
"2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას მან სულაც არ უარყო ეს ფაქტი და თქვა რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავდა. მან საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ამ საკითხზე კითხვის დასმისას უთხრა: "გოგუაძეს უნდა გაეკეთებინა ეგ სამუშაოები შე შტერო, აბა სხვა ხო არ გააკეთებდა… დათოიე გოგუაძე ყველას უყვარს აქანე ვინც არის", - წერს ორგანიზაცია.
მათივე ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 62,600 ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც ყოველი მე-6 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება.