
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ბრალდებულმა უკანონოდ მცხეთის მუნიციპალიტეტში 6 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2013-2017 წლების პერიოდში, ცრუ მოწმეების გამოყენებით, თითქოსდა მიწის ნაკვეთების მიღება განხორცილდა სახელმწიფოსაგან მიწის რეფორმის ფარგლებში, უკანონოდ დაირეგისტრირა მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული 6 ერთეული მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 18 048 კვ.მ, რომლის ღირებულებაც ექსპერტიზის თანახმად შეადგენს 126 356 ლარს. გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები", - წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.