ათენიდან დღეს სპეც-რეისი ჩამოფრინდება, თუმცა საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების დიდმა ნაწილმა ბილეთების შეძენა ვერ შეძლო.
ემიგრანტები ამბობენ, რომ ბილეთები საიტზე არ იყიდება და ე.წ. შავ ბაზარზე სამმაგ ფასად ყიდიან. საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას მიმართავენ, თუმცა ამბობენ, რომ საგარეო უწყების წარმომადგენლობა მათ არ პასუხობს.
რამდენიმე მეგობარმა დავიწყეთ მცდელობა, რომ გვეყიდა ბილეთები, მაგრამ საიტზე გასაყიდი ბილეთები არ დადებულა. საელჩო არ პასუხობდა ზარებს. შავ ბაზარზე იყიდება ეს ბილეთები, საკონსულოა ჩარეული თუ რა არის, არ ვიცით, - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.
საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ საკონსულოში დგება სიები და პოლიტიკური შეხედულებებით არჩევენ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთის ყიდვას შეძლებს. ოფიციალურ უწყებაში განმარტებებს არ აკეთებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ე.წ. შავ ბაზარზე გაყიდვის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
კოვიდ 19-ის გავრცელების პირობებში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, ეს გახლავთ მესამე ჩარტერული რეისი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში დაბრუნდა 300-მდე მოქალაქე. სამშობლოში სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაბრუნდა 10 ათასამდე მოქალაქე, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.