არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, გუმათში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მხრიდან არაკანონიერია. მათი თქმით, ხელისუფლებამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა მისცენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას აქტივისტებთან მოლაპარაკებების გზებიც ჩაკეტილი აქვს
"ხელისუფლება კეტავს გზებს, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ჩაკეტილი არის გზები მოლაპარაკებებისთვისაც და ის სიტყვები, რომ თითქოს მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, სამწუხაროდ, ცარიელ სიტყვებად რჩება.
ჩვენ გვინდა, რომ ვსაუბრობდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორი არის ამ პროექტის, ამ ფორმით განხორციელება, თუმცა საბოლოო ჯამში გვიწევს საუბარი იმასთან დაკავშირებით, პროტესტის უფლება ამ ადამიანებს აქვთ თუ არა ისე, როგორც მათ სურთ, რომ ეს ყველაფერი გამოხატონ.
ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს საპოლიციო ძალას უპირისპირებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ის რასაც ხელისუფლება აკეთებს არის არაკანონიერი",- თქვა ნიკა სიმონიშვილმა.
გუშინ, 12 აპრილს რიონის ხეობაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. გუმათში შეკრებილ აქტივისტებს პოლიცია ნამახვანის ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება არ აძლევდა. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც, რის შემდეგაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია "ენკას" ერთ-ერთი ბაზისკენ დაიძრნენ.
მანამდე კი, 11 აპროლს, პოლიციამ საპროტესტო კარვები აშალა და ენკას ტრაქტორმა ტერიტორიის მოხვნა დაიწყო.
ამავე თემაზე: