
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის უკვე ყოფილი დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე დილიდან ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციულ შენობასთან იმყოფება. მას ცნობა გათავისუფლებასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ ჩაბარებია, მოხდარს კი მის კრიტიკულ გამოსვლას უკავშირებს.
"ამ წუთამდე ველოდები ჩემი განთავისუფლების ბრძანებას და სამწუხაროდ არ მაქვს ხელში და არ ვიცი რა საფუძვლით გამათავისუფლებს. საკრებულოში გამოსვლის შემდეგ არის ეს. მე ბატონ თორნიკეს ვეტყოდი, რომ კაცურად და თავისი თანამდებობის შესაბამისად მოქცეულიყო და ეთქვა, რომ ეს ადამიანი არ გვემორჩილება, განსხვავებული აზრი აქვს და ისე გავენთავისუფლებინე, რა ზღაპრებს ყვებიან", - თქვა ირაკლი ჯინჭარაძემ.
მასთან ერთად ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი ბათუმელები იმყოფებიან, ისინი ამბობენ, რომ ჯინჭარაძის გათავისუფლება განსხვავებული აზრის დევნას ნიშნავს.
ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დასახელდა. საქმეზე კი სასამართლო დავა ამ დრომდე მიმდინარეობს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.