ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის საკმარისი რაოდენობაა. მისი განმარტებით, ვაქცინაციის პროცესის შეფერხება სამედიცინო დაწესებულებაში ლიმიტირებული ადგილების ბრალია.
როგორც გაბუნიამ თქვა, ყოველდღიურად ემატება კლინიკები, სადაც მოქალაქეები აცრას შეძლებენ.
"ვაქცინა არის. ასტრაზენეკას ვაქცინა არის საკმარისი რაოდენობით. გარკვეული შეფერხებები იქმნება იმის გამო, რომ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, ადგილები, რა თქმა უნდა, ლიმიტირებულია. ყოველდღიურად ემატება ახალი ჰოსპიტლები ახალი ბრიგადებით. გუშინ საღამოს დაემატა 6 ახალი ბრიგადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ასევე რამდენიმე საავადმყოფო ემზადება, რომ კვირის ბოლომდე ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში.
დღეს უკვე დილიდან გაჩნდა რეგისტრაციის შესაძლებლობა. 15 აპრილიდან შეუძლია ყველას დარეგისტრირდეს. საკმარისი ადგილებია და ვაქცინაც ჯერჯრობით საკმარისია",- თქვა გაბუნიამ.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.