"აბსოლუტურ აბსურდამდე დავიდა უკვე აქაურობა, დღეს უბრალოდ ხმაურიც კი აგვიკრძალეს" - ასე ეხმაურება რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის განცხადებას. პოლიცია აქტივისტებს მოუწოდებს, რომ თუ ბარიკადებზე ხელების რტყმას და ბრახუნს არ შეწყვეტენ, პროპორციულ ძალას გამოიყენებენ.
ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მსგავსი კანონი არ არსებობს და პროტესტი არ შეწყდება.
"რასაც ვამბობდით ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ კერძო საკუთრებად არის გადაცემული უცხოური კომპანიისთვის მთელი რიონის ხეობა, ეს არის ნათელი მაგალითი და დემონსტრირება ამის. ხეობის შესასვლელი არის გადაკეტილი და ხელისუფლება იცავს კერძო პირის ინტერესს ამ შემთხვევაში მთელი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ვეუბნებით, რომ წარმოგვიდგინეთ კანონი, რის საფუძველზეც არ შეიძლება, რომ ხელი დაარტყა ამ ჯებირს, არ არსებობს, კანონდარღვევა ეს არ არის, შესაბამისად ხმაურს არ შევწყვეტთ", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობა ორადაა გაყოფილი, პოლიციამ გვიან ღამით გუმათჰესთან რკინის ჯებირები აღმართა. ადგილზე შეკრებილი რიონის ხეობის მცველები რკინის ჯებირს მუშტებს ურტყამენ და ცდილობენ პოლიციას დისკომფორტი ამ ფორმით შეუქმნან.
აქტივისტებს პოლიცია ნამახვანისკენ გადაადგილების საშუალებას ამ დრომდე არ აძლევს. ამავე თემაზე: