დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მთავრობამ Pfizer-ს ვაქცინის მილიონი დოზა შეუკვეთა, თუმცა მიახლოებითი თარიღი, თუ როდის შემოვა ვაქცინა ჯერჯერობით უცნობია.
როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ცნობილია, რომ Pfizer-ის ვაქცინის ლიმიტირებული დოზა COVAX პლატფორმიდან ივნისში შემოვა.
"Pfizer-თან მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა სამინისტროს მიერ, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად არის ჩართული. ლაპარაკია, მილიონ დოზაზე, ეს ოფიციალურად შეეკვეთა pfizer-ს, მაგრამ ზუსტი თარიღი, ან მიახლოებითი თარიღი, როდის შეიძლება ეს მოვიდეს, ან როგორი ეტაპობრიობით, ჯერ არ არის.
ვიცით, მხოლოდ, რომ ივნისში Pfizer-ის გარკვეული დოზები ისევ კოვაქსით შემოვა, მაგრამ ძალიან ლიმიტირებული დოზები",-თქვა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ხვალ ან ზეგ იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს, დაიწყებს თუ არა ვაქცინაციას სინოფარმის ვაქცინით, ჯანმოს ავტორიზაციის მირებამდე:
"ხვალ ან ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო და მთავარი განხილვის საგანი იქნება დავიწყებთ თუ არა „სინოფარმით“ ვაქცინაციას ჯანმოს ავტორიზაციის მიღებამდე. იმიტომ, რომ "სინოფარმის" ვაქცინით ვაქცინაცია დაწყებულია 40-მდე ქვეყანაში ძალიან აქტიურად, ისევე როგორც "სინოვაკით", თავიანთი ადგილობრივი მარეგულირებლის საფუძველზე და მოგეხსენებათ, რომ ეს ვაქცინა ძალიან კარგად მუშაობს." - ამბობს გამყრელიძე
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.