
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან გაუჩინარებული 18 წლის გოგოს დედა პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც ის "მთავარი არხის" ვებგვერდთან ამბობს, პოლიცია შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევს. ლეილა ისაევა ამ წუთებშიც საგარეჯოს პოლიციაში მისვლას აპირებს და ამბობს, რომ არ სჯერა, რომ მისი შვილი მარნეულში საკუთარი სურვილით გათხოვდა.
დღეს წერილი გამომიგზავნა, გავთხოვდიო. პოლიცია ერთი თვე თქვენი [ოჯახის] ნახვის უფლებას არ მაძლევსო. დანიშნული გოგოა. არც ცოცხალი მინახავს 4 დღეა, არც მკვდარი. მაჩვენონ ჩემი შვილი, სანამ არ ვნახავ, ამ საქმეს თავს არ დავანებებ. ხო უნდა ვიცოდე, სადაა და როგორაა. რა ვიცი, იქნებ წერილიც არაა მისი დაწერილი. ვურეკავ და გათიშული აქვს ტელეფონი, - ამბობს ისაევა.
მისივე თქმით, 18 წლის ნარმინ ისაიევა ლაგოდეხშია დაბადებული და გაზრდილი და მან "მარნეულის გზაც კი არ იცის". ლეილა ისაევა იხსენებს, რომ შვილი 6 თვის წინ, მეზობელ სოფელში მცხოვრებ კაცზე დანიშნეს და ახლო მომავალში ქორწილი იყო დაგეგმილი.
გაგიჟებულია ბიჭი. გოგომ, წასვლისას ოქროს საყურეები და ტელეფონი წაიღო. ის ტელეფონი და ოქრო მაინც დააბრუნოს, იმდენი ფული გადაიხადა ბიჭმა. თუ არ უნდოდა, თავიდანვე ეთქვა და არ დაინიშნებოდა. უხაროდა ხოლმე ბიჭის ხმის გაგონება, რა მოხდა, არ ვიცი, - ამბობს ნარმინ ისაევას დედა.
მისივე თქმით, ყოფილი საქმრო ოჯახს საცოლისთვის შეძენილი ოქროსა და თანხის უკან დაბრუნებას თავადაც სთხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ამავე თემაზე: