"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) 14 აპრილს "ქართული ოცნების" ოფისთან აქტივისტების დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ პოლიციის ქმედებები მიმართულია შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვისაკენ. მათივე განცხადებით, აქტივსტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება ავტორიტარული რეჟიმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
"ხელისუფლება კვლავ აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას აქტივისტთა წინააღმდეგ, თუმცა იგი აღარ სჯერდება ადმინისტრაციულ მექანიზმებს და ადამიანის თავისუფლებაში ჩარევის ყველაზე მკაცრ ზომას, სისხლისსამართლებრივ დევნას მიმართავს, რასაც ადასტურებს გიორგი მუმლაძის დაკავაება. გასათვალისწინებელია, რომ დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლება შეფასდეს როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული და სისხლის სამართლის ნორმის ამგვარი განმარტება თვითნებურია", - წერია განცხადებაში.
GDI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და რეპრესიული პოლიტიკის გატარება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მათ მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის გამო და იმოქმედოს კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად.